26 სექტემბერს, საქართველოს ესტუმრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი რომელიც „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურ დირექტორთან ჯაბა ხმალაძესთან და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი ბახტაძესთან ერთად ჩავიდა სოფელ ნიგოზაში, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები.
პროექტის დასრულებით ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაძლებლობა სოფელ ნიგოზას მცხოვრებ 90 ოჯახს მიეცა. ნიგოზას გაზგამანაწილებელი ქსელი, რომლის სიგრძეც 3049 მეტრია, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ააშენა.
სტუმრებმა ჩირაღდნის ანთების საზეიმო ცერემონიის შემდეგ, სიმბოლურად გაზი სოფელ ნიგოზას მკვიდრის - მაგული გამხიტაშვილის ოჯახშიც აანთეს.
საქართელოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი ბატონი როვნაგ აბდულაევი მარნეულის რაიონის სოფელ ხანჯიგაზლოს გაზიფიცირების ცერემონიასაც დაესწრო.
სოფელ ხანჯიგაზლოში გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ განახორციელა, აშენდა 7400 გრძივი მეტრის სიგრძის გაზსადენი. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაძლებლობა აქვს სოფელ ხანჯიგაზლოში მცხოვრებ 127 ოჯახს.
სტუმრებმა ჩირაღდნის ანთების საზეიმო ცერემონიის შემდეგ, სიმბოლურად გაზი სოფელ ხანჯიგაზლოს მკვიდრის - გულხანუმ ჯამალოვას ოჯახშიც აანთეს.
საერთო ჯამში, 2009 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ააშენა 11 543 კმ სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი, რითიც 305 389 პოტენციურ აბონენტს მისცა გაზიფიცირების საშუალება.